logo
ENG



გიორგი კახიანი: ევროპულმა საქართველომ ჯარიმები აირიდა თავიდან

28 ნოე 201917:05
3 წუთის საკითხავი
 
ud4wosli5ytxyla.jpg

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ საპარლამენტო კომიტეტების დატოვების ფაქტს აფასებს და აცხადებს, რომ პარლამენტი მუშაობას აგრძელებს.

როგორც მან აღნიშნა, თუ მომავალ პარლამენტში ნაცმოძრაობა საერთოდ არ იქნება, ეს იქნება იდეალური ქართული დემოკრატიის სტაბილური განვითარებისთვის.

„ეს არის დესტრუქციული ქმედებები, რომელსაც ნაცმოძრაობა და მისი განშტოებები აკეთებენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, დღეს არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი იქნა განხილული. რაც შეეხება ზოგად სურათს, ნაცმოძრაობა თუ არ იქნება მომავალ პარლამენტში, ეს იქნება იდეალური ქართული დემოკრატიის სტაბილური განვითარებისთვის“, - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი კი მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, ამ გადაწყვეტილებით ჯარიმები აიცილეს თავიდან.

„ბოიკოტის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ პლენარულ სხდომებზე, არ წესდება არანაირი სანქცია. მაგრამ ეს არ ვრცელდება კომიტეტის სხდომებზე, ამიტომ სავარაუდოდ, ეს უკავშირდება იმ მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებს, რომელიც მათ არდასწრების შემთხვევაში დაეკისრებოდათ“, - აცხადებს კახიანი.

შეგახსენებთ, რომ სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ტოვებს. ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კი აღარ იქნებიან ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე. ასევე, ოთარ კახიძე ტოვებს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტსაც. ზურაბ ჭიაბერაშვილი ტოვებს დარგობრივ კომიტეტს, ზაზა კედელაშვილი კი გარემოს დაცვის კომიტეტს.

 


close დახურვა