„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის მოუწოდებს მთავრობას, მეტი იმუშავოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე. ასევე, გიორგი რურუა წერს, რომ სადავო იარაღი პირველად ფოტოზე ნახა.
„ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო თანამოქალაქეებო! მოგესალმებით გლდანის ციხიდან პოლიტპატიმარი გ.რურუა. ეს პოსტი არ მინდა შეეხოს ჩემს უკანონოდ დაკავებას. გავრილოვის პატიმრების და ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული თქვენგანიც გააკეთებდა. მივმართავ უუნარო მთავრობას, უფრო ყურადღებით მოეკიდოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს. ყველაფერი იღონოს, რომ დაიხსნას ტყვეობიდან სამაგალითო მოქალაქე! ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი. ერთადერთი, რაც მაწუხებს და მინდა იცოდეთ, არის ის, რომ იარაღი რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს, მხოლოდ ფოტოზე ვნახე წარდგენილ განჩინებაში. გამძაფრებული ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს,ყველაფერი ლოგიკურად და კარგად მიდის, მთავარია უიმედობამ არ გვაჯობოს! დღევანდელი კრიზისი არის მთლიანად, ხელისუფლებაში დარჩენის მოტივით განპირობებული. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს! ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ თავგანწირული მოქალაქეების ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, გაფრინდაშვილის და სხვების მაგალითებით!“, - წერს გიორგი რურუა.
შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.