თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე დღეს 6 პოლიტიკოსი დაიკითხა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც ბრალდებულთან ერთად დაკავების წინა ღამეს აქციაზე იმყოფებოდნენ, ადასტურებენ, რომ რურუას იარაღი არ ჰქონია. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ „მთავარი არხის“ მეწილის დაკავება მისი აქციებში მონაწილეობისთვის პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ოპერაციაა.
დაცვის მხარის მოწმეებს შეკითხვები პროკურორებმაც დაუსვეს. მათ მოწმეებისგან გიორგი რურუას გადაადგილების მარშრუტის დადგენა სურდათ. დაცვის მხარისგან განსხვავებით პროკურატურისთვის დღევანდელი მოწმეების ჩვენება რურუასთვის წარდგენილ ბრალდებას არ აბათილებს.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის მთავრობისგან ოპონენტებმა 8 მარტის შეთანხმების შესრულებას დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესის ნორმალიზება შესაძლებელი გახდეს. პირობის შესრულების აუცილებლობისკენ მიუთითეს დღეს ხელისუფლებას ევროპარლამენტიდან - პოლიტპატიმრის გთავისუფლების საკითხზე ევროპარლამენტარის, ანჟეი ჰალიცკის წერილი გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მიიღო. ევროპელი პოლიტიკოსი შეშფოთებულია, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული, რადგან პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ისევ ციხეში რჩება.
საქალაქო სასამართლოში რურუას საქმის განხილვა ხვალ 15:00 საათზე გაგრძელდება. მხარეები ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს დაკითხავენ.