logo
ENG



გიორგი რუხაძე დე-ფაქტო საზღვრის ჩაკეტვაზე: ეს არის აქტი ოსი ხალხის წინააღმდეგაც

29 დეკ 201920:19
3 წუთის საკითხავი
 
4fmo6kzzoqvrw3t.jpg

 

„ეს არის აქტი არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ ოსი ხალხის წინააღმდეგაც“, - ასე აფასებს ექსპერტი გიორგი რუხაძე დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას გადასასვლელის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

ექსპერტები ანატოლი ბიბილოვის წინასაარჩევნო დაპირებას იხსენებენ, რომელმაც ახალგორელებს პირობა მისცა, რომ თავისუფალი გადაადგილების უფლებას არ შეუზღუდავდა.

 „ეს არის პროვოკაციული ქმედებების მთელი კასკადი, რომელსაც რუსეთის დავალებით ახორციელებენ. პირველ რიგში, ზარალდება რიგითი მოსახლეობა“, - აცხადებს გიორგი რუხაძე.

ადგილობრივი მოსახლეობა წინასაახალწლოდ თადარიგს იჭერს და ოკუპირებულ ქარძმანს ტოვებს.

ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად კი ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. მთავრობა ჟენევის მოლაპარაკების იმედზეა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეთნიკური ოსების და ქართველების დასახმარებლად, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებს კრემლზე ზეწოლის გაძლიერება უნდა მოსთხოვოს.

ვიდრე „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაზე იზრუნებს და ჟენევაში ახალი წინადადებებით გაემგზავრება, საოკუპაციო ხაზზე დარჩენილები მხოლოდ ოკუპანტების კეთილი ნების იმედად არიან. ხვალიდან პერევი-ქარძმანის დამაკავშირებელი ხიდიც ჩაიკეტება და  კიდევ ერთი ახალი წლის შეხვედრა ამ მავთულხლართების მიღმა - ნათესავების გარეშე და სრულ იზოლაციაში მოუწევთ.

 

 

 

 


close დახურვა