logo
ENG



გირჩი: საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ვამბობთ და TESLA-ს ვეღარ ვათამაშებთ

28 ნოე 202015:09
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/28/ghr5nsqyp0iyk6u.jpg

გირჩი აცხადებს, რომ TESLA-ს აღარ ათამაშებს, ვინაიდან საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ამბობს, გათამაშენისთვის მანქანის ყიდვას კი პარტია სწორედ საბიუჯეტო დაფინანსებით გეგმავდა.

"ქართული ოცნების საკამათოდ ჩატარებული არჩევნების შედეგად, გირჩს ბიუჯეტიდან შეუძლია მიიღოს სამ მილიონ ლარზე მეტი ფული.

ამ ფულით არჩევნებზე ნამყოფი ადამიანებს შორის ტესლას ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით. ამ აქტით დემონსტრაციულად ვაპროტესტებდით პოლიტიკის დაფინანსების ჩვენთვის მიუღებელ წესს.

არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში შესვლის უფლება მიიღო რვა ოპოზიციურმა პარტიამ. ამ მომენტისთვის, არავინ არ ვაღიარებთ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ვართ ბოიკოტის რეჟიმში. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იგივე საარჩევნო პროცესის შედეგად წარმოშობილმა საბიუჯეტო დაფინანსების უფლების გამოყენების საკითხმა.

პარტიების უმრავლესობამ მოითხოვა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ ბოიკოტს აგრძელებს. პარტიებს საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები აქვთ, რისი გაცნობაც შეიძლება მედია და სოციალურ სივრცეში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით, „ტესლას“ გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან. სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არ აღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება.

ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ტესლას ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ". - წერია გირჩის განცხადებაში. 

გირჩმა ტესლას გათამაშება არჩევნებამდე დააანონსა. გათამაშების პირობების მიხედვით, ვინც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა და უბანთან სელფისაც გადაიღებდა, გათამაშების მონაწილე ხდებოდა.

გირჩის ცნობით, გათამაშებაში მონაწილეობა დაახლოებით 10 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო.

საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკო-ს 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. ესენი: ქართული ოცნება, საარჩევნო ბლოკში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია შემავალი 5 პარტია (მათ შორის რესპუბლიკური პარტიაც), ევროპული საქართველო, გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში გაერთიანებული ორი პარტია. ისინი მიიჩნევენ, რომ იმისთვის, რათა პარტიებმა ფუნქციონირება შეძლონ, დაფინანსებაზე უარი არ უნდა თქვან, ვინაიდან ბიუჯეტიც სწორედ მოქალაქეების გადასახადებისგან ივსება და რომ ეს არ არის ქართული ოცნების ფული. 

დაფინანსების მოთხოვნით ცესკო-სთვის არ მიუმართავთ გირჩს, ლეიბორისტულ პარტიას, ლელოს, მოქალაქეებს და პატრიოტთა ალიანსს. 

თუმცა, ლელოში აცხადებენ, რომ პარტიაში ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 


close დახურვა