გირჩის სიით არჩეული დეპუტატები ხვალ პარლამენტში მივლენ, თუმცა საპარლამენტო მანდატებს არ დაიკავებენ.
პარტიის ლიდერი ვახო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ გირჩელები ხვალ პარლამენტში მუშაობას დაიწყებენ, თუმცა საპარლამენტო საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში არ ჩაერთვებიან.
"ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში"- აცხადებს მეგრელიშვილი, - "თუ ვერ შედგა შეთანხმება მაინც ვიქნებით ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში და დავიწყებთ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებას. რომელიც არის ჩვენთვის საარჩევნო კამპანიის ნაწილი".
პარტია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ხელფასებსა და სახელმწიფო დაფინანსებაზეც კვლავ უარს აცხადებს.
გირჩმა გასულ კვირას მოთხოვნების სია გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთ-ერთის შესრულების შემთხვევაშიც, პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.
მოთხოვნებს შორის არის მარიხუანის სრული ლეგალიზაცია, პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობა, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და სხვა.