logo
ENG



გირჩის შტაბბინასთან დაკავშირებულ 2 კვების ობიექტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

19 ოქტ 202016:30
3 წუთის საკითხავი
 
cua8w8v2xtro44o.jpg

თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, შპს "ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ "FELLERS"-ში იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას.

"17 და 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს "ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ "FELLERS"-ში საქართველოს მთავრობის 2020 წლის N322-ე დადგენილებითა და "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული დარღვევებით განმეორებით მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინეს, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.

ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

გამოვლენილი დანაშაული ფიზიკური პირის შემთხვევაში - სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველო იძიებს.

ცნობისთვის, საქართველოს უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან თბილისში, ბათუმსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები, ბარები და კაფეები 07:00 საათიდან 22:00 საათამდე ფუნქციონირებენ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დაჯარიმდება ყველა ის ბარი, რომელმაც თავისი სივრცე "თითქოს პოლიტიკურ პროცესს დაუთმო" და "ღამის კლუბებსა და რესტორნებში იმ ადამიანების შეტყუება სცადა, რომლებიც რისკებს ბოლომდე ვერ აცნობიერებენ". 

ბარებში, რომლებიც გირჩის შტაბებად გადაკეთდა, პოლიცია რამდენჯერმე მივიდა და სცადა, 22:00 საათის შემდგომ იქ ხალხის ყოფნის მიზეზი გაერკვია. დღეს, 19 ოქტომბერსაც, ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ბარების მეპატრონეები უკვე დაიბარეს. 

 


close დახურვა