logo
ENG



გლდანის, ნაძალადევისა და სამგორის საოლქო კომისიებში ოქმები პროტესტის ფონზე შეაჯამეს

11 ნოე 202018:12
3 წუთის საკითხავი
 
გლდანის, ნაძალადევისა და სამგორის საოლქო კომისიებში ოქმები პროტესტის ფონზე შეაჯამეს

თბილისში, გლდანის, ნაძალადევისა და სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიებში აქციებისა და დაპირისპირების ფონზე შეაჯამეს ოქმები. სამივე ოლქში ოქმებზე მუშაობა 15 საათზე დაიწყო. 

გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეჯამებულ ოქმს პროტესტის ნიშნად ხელი არ მოაწერეს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა. მათი თქმით, 1 140 ბიულეტენი დაკარგულია.

ოქმის თანახმად, 3 397 ბიულეტენი მაჟორიტარულ ნაწილში, პროპორციულ ნაწილში კი 2 379 ბიულეტენი გაბათილდა. ხოლო გლდანის 110 უბნიდან, 80 უბანზე დისბალანსი იყო. 

შემაჯამებელ ოქმზე მუშაობა დასრულდა სამგორის #6 ოლქშიც. ოპოზიციის წარმომადგენლები არც ამ ოქმის შედგენას არ დაესწრნენ. მანამე, იქ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბესიკ გაზდელიანი მაშინ დააკავეს, როცა ის კომისიის შენობის კედელზე სტიკერებს აკრავდა. იგი მოგვიანებით გაათავისუფლეს. 

სხდომა დასრულდა ნაძალადევის მე-7 და მე-9 საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც, სადაც ლეიბორისტული პარტიის, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს აქტივისტების აქცია მიმდინარეობდა. ფორმულას ჟურნალისტის ცნობით, ოპოზიციის წარმომადგენლებს სამართალდამცველებმა სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. შაბათს, 14 ნოემბერს მათ მორიგი მასშტაბური აქცია დააანონსეს, მანამდე კი სხვადასხვა ადგილზე მართავენ საპროტესტო აქციებს. 

ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადეს და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს. ხელისუფლების ოპონენტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.


close დახურვა