logo
ENG



გლდანის ციხეში პატიმარი ციხის უფროსს გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

24 სექ 202017:19
3 წუთის საკითხავი
clock 5355
n9ybzyuvpuab5io.jpg

გლდანში სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების პატიმრის შენგელი ჭეჭვაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ციხის უფროსი ნოდარ ქინქლაძე ერთერთ მსჯავრდებულს გაუპატიურებით დაემუქრა, რასაც კამათი მოჰყვა, ხოლო სიტუაციის განსამუხტად მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვენები გადაისერა.

საქმე ეხება შემთხვევას, რომლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა - ოფიციალური ვერსიით, პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. ინციდენტში ციხის უფროსის მონაწილეობის შესახებ ამ დრომდე ცნობილი არ იყო.

მომხდარის შესახებ ინფორმაციის მოსაკვლევად გლდანის მერვე დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. 

ალექსანდრე კობაიძის თქმით, ციხის უფროსთან კამათი ჩაის გამო დაიწყო:

"პატიმარმა ქინქლაძეს უთხრა, სხვებს უკეთესი ჩაი მისდით და იქნებ ჩვენც ანალოგიურად მოგვიტანოთო. ქინქლაძე ნასვამი იყო და პატიმარს გაუპატიურებით დაემუქრა - რა ჩაის მოტანა გინდა, შენ ხომ არ გინდა გიხმაროო და ამას მოჰყვა შელაპარაკება. შემდეგ პატიმარი კარცერში გადაიყვანეს, ხოლო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გადაისერა ვენები, რათა განემუხტა სიტუაცია და მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ", - განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის თქმით, ქინქლაძემ პატიმრებს უთხრა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი მფარველობდნენ და ვერავინ ვერაფერს დააკლებდა. კობაიძის თქმით, ოჯახის ახლობლები უახლოეს დღეებში საპატიმროსთან აქციის ჩატარებას გეგმავენ და ციხის უფროსის დასჯას მოითხოვენ.

ფორმულა პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარის შესახებ მოიკითხავენ:

"ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, შესაბამისი განცხადება გავავრცელეთ. მოვიკითხავ დანარჩენს და გაგაგებინებთ", - განაცხადეს პრესსამსახურში.

ფორმულას 22 სექტემბერს, გლდანის მერვე დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრის დედა მაია დიღმელაშვილი დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, ციხიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი და კიდევ სამი პატიმარი ციხის უფროსის დავალებით დაჭრეს. 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა  პატიმრების დაჭრის შესახებ ინფორმაციას და განაცხადა, რომ ერთ საკანში მყოფი სამი პატიმარი დაწესებულების ადმინისტრაციისგან ჩაისა და სიგარეტის მიწოდებას ითხოვდა და ამ მოტივით, მათ მეტლახის ნატეხით თავი დაიზიანეს.

 

 

 


close დახურვა