logo
ENG



გოგაშვილი: თითქოს უკრაინულ საიტებზე ატვირთული ოპოზიციის საუბრები რევოლუციაზე, დაამონტაჟეს

14 სექ 202211:13
3 წუთის საკითხავი
 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული საუბრები, სადაც თითქოს ოპოზიციის წარმომადგენლები რევოლუციურ სცენარზე საუბრობდნენ, ივანიშვილის დავალებით იყო დამოტაჟებული, თითქოს უკრაინული საიტები კი სუს-ს ეკუთვნოდა.

გოგაშვილი მორიგ წერილში აღნიშნავს, რომ ამ საუბრებს ქართული ოცნება "ხალხის გასაშავებლად" ქმნიდა.

"მე ვხედავ, რომ ქოცები ისევ აგრძელებენ ხალხის ცრუ პროპაგანდით დაშინებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებებისა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, არანაირი რევოლუციური სცენარის განხორციელების შესახებ საუბრები არ ყოფილა ოპოზიციის ლიდერებს შორის. ეს საუბრები ყოველთვის იყო ქოცების მიერ შექმნილი ხალხის გასაშავებლად. ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული და არაავთენტიკური საუბრები.

სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე მე წარვადგენ ამ ყველაფრის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ორიგინალშიც და დამონტაჟებულშიც. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვილაპარაკო სიმართლე ხალხის წინაშე. სიცრუე კი ერთია: საუბრები, რომლებიც იტვირთებოდა თითქოს უკრაინულ საიტებზე, სინამდვილეში იყო სუსის საიტები და საუბრები იყო ივანიშვილის დავალებით დამონტაჟებული და ატვირთული სუსის ოტოს მიერ. ხალხს უკვე აღარ სჯერა თქვენი "შოკისმომგვრელი" მდარე ხარისხის "ფეიკ" პროპაგანდის. ასე რომ груსებო, ხალხი მალე გამოგიტანთ სამარცხვინო განაჩენს"- წერს გოგაშვილი.

საქმე ეხება 2015 წელს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც თითქოს მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საუბრები იყო.

აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა 29 ოქტომბერს, საარჩევნო პერიოდში. მათი გავრცელების შემდეგ სუს-ში აცხადებდნენ, რომ გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყეს.


close დახურვა