logo
ENG



გოგაშვილის ადვოკატი: საბუთი, რომელიც არჩევნების გაყალბებას ასახავს ამ დღეებში გასაჯაროვდება

16 ივლ 202222:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/16/e1tjyihudpukerg.jpg

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება უკავშირდება გოგაშვილის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც არჩევნების გაყალბების საკითხს ეხება.

როგორც ადვოკატი ამბობს, გოგაშვილი კონკრეტულ სქემაზე მუშაობდა და გაყალბების ამსახველი დოკუმენტაცია სანდო პირს, საზღვარგარეთ გადასცა. მისივე თქმით, ეს დოკუმენტი გოგაშვილის დაკავების მიუხედავად, რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.

რაც შეეხება გოგაშვილის დაკავების პროცესს, ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებისას მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა და მან დაზიანებებიც მიიღო.

"როგორც ბატონი გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება უკავშირდება მის მიერ ბოლო პერიოდში წამოწყებულ საქმიანობას და ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს. როგორც თვითონ აცხადებს, ის მუშაობდა ამ თემაზე, კონკრეტულ სქემებზე. ამბობს, რომ აქვს კონკრეტული შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები - თუ რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში. ბოლო დღეებში აპირებდა ამ დოკუმენტის გასაჯაროებას, თუმცა როგორც ამბობს, ეს დოკუმენტი დღის სინათლეს მაინც იხილავს რამდენიმე დღეში. სწორად ამის გამო, ამ ყველაფრის პრევენციისთვის, მოხდა მისი დაკავება, თუმცა ის ბრძოლას აპირებს. მისი დაკავება მოხდა უკანონოდ. დაკავების პროცესში მოხდა ბევრი სავარაუდო დანაშაულის ფაქტიც...

დაკავების პროცესში განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა - წელის არეში წიხლებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ასევე, როცა ხელები ჰქონდა შეკრული, იქ უდებდნენ იარაღს ანაბეჭდების გადატანის მიზნით. დოკუმენტები არის საზღვარგარეთ, სანდო ხელში და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება", - თქვა ჩინჩალაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გოგაშვილს ოფიციალურად ბრალდება ჯერ არ აქვს წარდგენილი და დაცვის მხარე საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია.

ერთ-ერთი პირი ვინც გოგაშვილის და მისი ოჯახის მტკიცებით დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა გიორგი ღამბაშიძეა. ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი ღამბაშიძე სოსო გოგაშვილმა თანამდებობაზე ყოფნისას სამსახურიდან გაათავისუფლა.

"როგორც ბატონი გოგაშვილი ამბობს, გიორგი ღამბაშიძეს პირადი დაინტერესება ჰქონდა, რადგან ჩემი გათავისუფლებული არის სამსახურიდანო. იძია თუ არა ამით შური ვერ გეტყვით, მაგრამ ბატონი სოსო ამბობს, რომ მისი გაშვებულია სამსახურიდან და ღამბაშიძეს პირადი ინტერესი ჰქონდა", - აღნიშნა ადვოკატმა.

***

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციით დააკავეს

სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა გოგაშვილის შვილების, ნიკა და ნინი გოგაშვილების სახლებში. ნინი გოგაშვილის სახლის ჩხრეკის ვიდეო თავად მან გადაიღო და გაავრცელა. 

ნიკა გოგაშვილის თქმით, გაჩხრიკეს მამამისის მძღოლის სახლიც, ასევე, სასტუმრო ხირსა სიღნაღში. 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილმა თქვა, რომ ჩხრეკისას სახლებიდან წაიღეს ტელეფონები, კომპიუტერები, პლანშეტები, მეხსიერების ბარათები. 

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. 

რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის საქმე "არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება". უწყება ამბობს, რომ  ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. 

 


close დახურვა