საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გოგი თოფაძე ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. ყოფილი პარლამენტარი გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა, უწყებაში მისი ვიზიტი რამდენიმე წუთი გაგრძელდა.
თოფაძის თქმით, გამოძიება მოწმეების დაკითხვას ორ დღეში მორჩება.
“მანდ იყო 3 ვაჟი და 1 ქალბატონი. ორი დღე მოგვეცითო, იმ გოგოსთან გვაქვს სალაპარაკო და შეიძლება, ერთ ბიჭთანო“,- განაცხადა თოფაძემ.
ის დღეს ხეჩინაშვილის კლინიკაში დაჭრილი შვილიშვილის სანახავადაც იყო. როგორც თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილიშვილი მართვით სუნთქვაზე.
“ვნახე ექიმი, რომელმაც მითხრა, რომ ჯერჯერობით სუნთქვაზეა ჩართული. ალბათ, ერთი დღე ასე იქნება. მძიმე არაფერი აქვს. საღამოს კიდევ ვნახავ თუ რა მდგომარეობაშია. ოპერაცია ჩაუტარდა ოთხივე დაჭრილ ადგილას. მეუბნებიან, შეიძლება კიდევ დაგვჭირდესო (ოპერაცია)...
დილის 05:00 საათზე რომ შემოგივარდება კაცი, იქ, სადაც შენი ბავშვები არიან, თითქმის მომიკლა შვილი, რა უნდა გავაკეთო, რა, ახლა შემეცოდება, თუ რა? დანა იყო, დანით დაჭრა. მეტი არ ვიცი“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს დაესხნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაა დაკავებული.