ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქტივისტები ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას არ შეხვდებიან.
როგორც გოლეთიანმა TV პირველის ეთერში განაცხადა, თურნავა გადაწყვეტილებებს "ვერ იღებს", ამიტომ შეხვედრა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სურთ.
"ნათია თურნავამ, იმ ეტაპზე, როცა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი იყო მიპყრობილი შეხვედრის მიმართ, მიაყენა ათასობით ადამიანს შეურაცხყოფა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენს გამართულ აქციაზე ქუთაისში მოვითხოვეთ მინისტრის პასუხისმგებლობა ამ ნაწილში და გადადგომა, რადგან მისი საქციელით შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, შესაბამისად, დიალოგის სივრცე უშუალოდ ნათია თურნავასთან ჩვენ არ გვრჩება.
შემდეგი საფეხური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ვინც მოდის, ეს არის ალბათ ბატონი პრემიერი, ის უნდა ჩართულიყო პირადად ამ საკითხებში და მასთან უნდა ყოფილიყო შემდგომი განხილვა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთან. რადგან ის [ნათია თურნავა] ვერ ღებულობს გადაწყვეტილებებს. იმ შეხვედრიდანაც იმიტომ გაიპარა როგორც ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული რაღაცეების თქმა არ შეეძლო, როცა შევიდოდით პოლემიკაში, ამიტომაც აარიდა თავი. ამიტომ, მასზე უფრო მეტად ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები ჩვენს სახელისუფლებო წრეებში, ვითხოვთ იმ ადამიანთან შეხვედრას", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ.
მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.
აქტივისტებმა ეკონომის მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრა მოითხოვეს. თურნავა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მათ შეხვდა კიდეც, თუმცა, შეხვედრა კითხვებზე პასუხის გარეშე, რამდენიმე წუთში დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაემატა დემონსტრანტების მოთხოვნებს თურნავას გადადგომა.
ქუთაისის აქციებს წინ უძღოდა პროტესტი რიონის ხეობაში. დემონსტრანტებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა.
ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს.
ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს
ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.
კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.
EMC ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.