ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, საიდან ფინანსდება "არა ნამახვანჰესს" მოძრაობა.
გოლეთიანი ფორმულასთან ამბობს, რომ ტრანსპორტის ნაწილში ხალხი თვითირგანიზდება, ამასთან, მათ ემიგრანტები ეხმარებიან.
"ტრანსპორტირების ნაწილში თვითორგანიზდება ხალხი, ამიტომ არის ჩვენი შეკრებები ამ კუთხით უპრეცედენტო. ჩვენ ამაში ვერც ჩავდებთ ვერანაირ რესურსს.
რაც შეეხება სცენას - უკვე ნახევარი წელია, რიონის ხეობაში დგას. იცით, ემიგრაცია როგორ უჭერს ამ პროცესებს მხარს. გვეხმარებიან ამ ყველაფრის მოწყობაში. ფინანსურ ნაწილს დიდწილად გვიდგანან გვერდით. მარტო ემიგრაციაც არა, ჩვენც ჩვენი რესურსით, ჩვენი მეგობრები. უმნიშვნელოვანესია ის, რომ აქ ყველა თვლის, რომ ამ პროცესში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ეს არის მართლა ყველაზე სასიამოვნო მთელ ამ პროცესში. ადამიანები იმდენად არიან განწყობილები ამ პროცესისთვის - ყველას ფიზიკურად არ შეუძლია კარავში დგომა, ნახევარი წელი რიონის პირზე, რიყეზე წოლა. ვისაც რაც შეუძლია, იმას აკეთებს, ზოგი ამ ფინანსებს იღებს, რითაც მერე უზრუნველვყოფთ იმას, რასაც უზრუნველვყოფთ. სასაცილოა, რომ რუსეთიდან ფინანსდება. ეს სცდება ყველანაირ ნორმატიულ განსაზღვრებას". - თქვა გოლეთიანმა.
ფორმულას ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, ხომ არ აფინანსებს მოძრაობას ლევან ვასაძე.
გოლეთიანი პასუხობს, რომ ლევან ვასაძისთვის სატელევიზიო ეთერიდან მოუსმენია.
"მათ შორის ხელშეკრულების ნაწილშიც გამოთქვეს თავიანთი პოზიცია. შეუსწავლიათ ხელშეკრულება და ამაზე თავიანთი აზრი ჰქონდათ. ვიცით, რომ ამ პროტესტის მიმართ არიან ისე განწყობილები, როგორც ჩვენ ვართ ან ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს. მე არ მგონია, რომ რომელიმე ქართველი ამ პროცესზე სხვანაირად ფიქრობდეს". - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
"რიონის მცველების" მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე იწურება.
ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა სწორედ ამ დრომდე მისცეს ხელისუფლებას ვადა, შეასრულონ მათი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქალაქის პარალიზება დააანონსეს.
ვარლამ გოლეთიანმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ კონკრეტულ გეგმებს სცენიდან გაახმოვანებს მას შემდეგ, რაც ხალხი შეიკრიბება.
"რიონის მცველების" პირველი საპროტესტო აქცია თბილისში გუშინ, 23 მაისს გაიმართა.
ისინი ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.