logo
ENG



გომელაური: FSB-ს წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია

15 სექ 202217:56
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) წარმომადგენლებს პირისპირ არასდროს შეხვედრია.

გომელაური გამოეხმაურა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გომელაური FSB-ს დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს რამდენჯერმე შეხვდა - 2016 წელს ვლადიკავკაზში, 2017 დეკემბერში კი მინსკში ბორტნიკოვთან მორიგი, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. გოგაშვილის თქმით, მანამდე 2017 წლის ნოემბერში გომელაურმა მცხეთაში უმასპინძლა FSB-ს ორ გენერალს: სედოვს და ბესედას.

შს მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიკავკაზში არასდროს ყოფილა, მინსკში კი ნამდვილად იმყოფებოდა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, თუმცა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არ ჰქონია. 

„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი ალბათ 5-6 ვიზიტი მაქვს. რას ამბობთ?... არავითარ შემთხვევაში, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია [FSB-ს წარმომადგენლებთან]. ჩავდიოდი, შევხვდებოდი ჩვენს კოლეგებს, ოფიციალურ შეხვედრებზე რაც გვქონდა ხოლმე...

[შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა] ვერ გავრცელდება, იმიტომ რომ არ მომხდარა ასეთი რაღაც.

[მინკსში] იყო 100 წლისთავი, როდესაც იქ ჩამოსულები იყვნენ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც, როცა მიულოცეს... ზოგი იყო პირველი პირი, ზოგი იყო მეორე პირებიც, იქ მასაში შეიძლება ჩვეულებრივად ყველა იყვნენ. შეხვედრა პირისპირ? არასდროს არ მქონია და [ასეთი რამ] ვერ დაიდება ვერასდროს.

[რუსეთის] ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო, მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას, ასევე იყო აზერბაიჯანშიც ჩამოსულები იყვნენ და მიულოცეს. იქ იყო ამერიკის წარმომადგენლებიც, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყო, ხელმძღვანელები იყვნენ, კი, იყო ბორტნიკოვიც იყო და დაზვერვის უფროსიც იყო." - განაცხადა გომელაურმა. 

გომელაური გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ზღაპრებს უწოდებს. მისი თქმით, დაგეგმილი საერთაშორისო შეხვედრების მიღმა ცალკე არასდროს შეხვედრია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

რაც შეეხება მცხეთაში FSB-ს გენერლების მასპინძლობას, გომელაურის თქმით, ის, რასაც გოგაშვილი ჰყვება აბსურდია.

„რაც მოყვა ბატონმა გოგაშვილმა, ძალიან სამწუხაროა რასაც აკეთებს და რასაც იგონებს, მაგრამ ის თემა რომ გოგაშვილი ჩავიდა მახარაძესთან ერთად, ჩაისვა, როგორ წარმოგიდგენიათ ამხელა დონის პირები... და ჩამოიყვანა საგურამოში მცხეთაში თუ ავჭალაში, ვიქეიფეთ, ცხვარი დავკალით, მწვადები შევწვით და რაღაც აბსურდია ცოტა ტვინი ხომ...  რა თქმა უნდა იტყუება“ - განაცხადა გომელაურმა.

12 სექტემბერს სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ყვებოდა, როგორ ხდება ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით და სანქციების გვერდის ავლით საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება და თუ როგორ არის აწყობილი და დაცული ეს სისტემა.

გოგაშვილის თქმით, "ამ ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. შესაბამის სხვა უწყებებთან კოორდინაციაში".

ამავე წერილში სოსო გოგაშვილი ჰყვებოდა, რომ ამ სქემის ამოქმედებას წინ უძღვოდა შეხვედრები საქართველოსა და რუსეთის უსაფრთოხების სამსახურების წარმომადგენლებს შორის.  

გოგაშვილის თქმით, 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმყოფებოდა ვლადიკავკაზში ეფ ეს ბეს საიდუმლო ბაზაზე, „რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ კომუნიკაციაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ახლადშექმნილი სამსახურის, ანუ სუსის ხელმძღვანელობასთან გაცნობა”.

ამ შეხვედრისას გოგაშვილის თქმით, FSB-ს გენერალთან, სედოვთან შეხვედრისას დაიგეგმა ხელმძღვანელების ბორტნიკოვისა და გომელაურის შეხვედრა. გოგაშვილის თქმით, ამ შეხვედრის მიზანი იყო „ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის”.

გოგაშვილის თქმით, გომელაური ამ შეხვედრას დაესწრო. მას შემდეგ კი 2017 წლის ნოემბერში საქართველოში, გოგაშვილის თქმით, თავად უმასპინძლეს FSB-ს ორ გენერალს: სედოვს და ბესედას. „მათთან შეხვედრა და სუფრა მომზადებული იყო კონსპირაციულად მცხეთაში მდებარე ვახტანგ გომელაურის კუთვნილ რესტორანში. მომსახურე პერსონალი შედგებოდა ჩემი თანამშრომლებისგან.“

გოგაშვილი აცხადებს, რომ ეს საუბარი "წარმატებულ ურთიერთობებს" შეეხებოდა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი წერილში აცხადებს, რომ 2017 წლის დეკემბერში ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი. გოგაშვილი აცხადებს, რომ ამ საუბრის შინაარსი არ იცის.


close დახურვა