logo
ENG



გომელაური: თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო თანამდებობა, დავემორჩილები

22 ივლ 202122:23
3 წუთის საკითხავი
 
გომელაური: თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო თანამდებობა, დავემორჩილები
საქართველოს მთავრობა

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი ამ გადაწყვეტილებას მისი გუნდი მიიღებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე ქართულმა ოცნებამ აიღო, რაც მოძალადეების დასჯაში უნდა გამოიხატოს.

"პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენც და ჩვენს გუნდს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მე ვთვლი ისაა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე. ასევე პოლიციელებზე და იყო რამდენიმე მოქალაქის თემა. თუ თქვენ გულისხმობთ თანამდებობის დატოვების თემას, რა თქმა უნდა, პრემიერი გვყავს ჩვენ, პოლიტსაბჭო, არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - უნდა დავტოვო თუ არა თანამდებობა, სწორად ვიმოქმედე თუ არა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ თანამდებობა დავტოვო, რა თქმა უნდა, მე გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები", - აცხადებს გომელაური.

5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო. საპატრიარქომ სწორედ ამ დღეს კონტრაქცია დააანონსა.

რუსთაველის გამზირი 5 ივლისის დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც Tbilisi Pride-მა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე.

ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებულ აქციაზე სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

კოლეგის გარდაცვალების შემდეგ მედიამ წამოიწყო კამპანია #ლექსოსთვის. ისინი ითხოვენ, გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი, როგორც ძალადობის წამქეზებელი; შს მინისტრი, რომლემაც ვერ უზრუნველყო ძალადობრივ აქციაზე ჟურნალისტების უსაფრთხოება და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, მოძალადეები.


close დახურვა