logo
ENG



გომელაური: იყო საუბარი, თითქოს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ მოიმატა, ეს არ არის მართალი

09 მარ 202211:47
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა არ გაზრდილა.

შს მინისტრი ირწმუნება, რომ პირიქით, წინა წლებთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა შემცირებულია.

"იყო ხშირი საუბარი, თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი. 2020-"ში დაკეტილი იყო მთლიანად, 2019-2021 წლებს თუ შევადარებთ, დაახლოებით იმის 70%-ია შემოსული, რაც ადრე შემოდიოდა... იმაზე ნაკლებია. ომის დაწყებიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში, 20 ათას ადამიანზე ოდნავ მეტია შემოსული, როცა 2019-ში იყო 40 ათასი შემოსული", - თქვა გომელაურმა.

ჟურნალისტებმა მას დაკონკრეტება სთხოვეს, შედარებისას გულისხმობდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, თუ მთელ წელს, რაზეც გომელაურმა უპასუხა: "ანალოგიურ [პერიოდში], 13 დღის განმავლობაში".

მისივე თქმით, ბევრი მოქალაქე შემოდის ქვეყანაში, რომელიც გავლითაა.

"ძალიან ბევრი შემოდის თურქეთის მიმართულებიდან, ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა. ეს არიან ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები.. რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავის ქვეყნებში. არიან უმეტეს შემთხვევაში ქალები და ბავშვები, რომლებიც ქირაობენ თურქეთში ავტობუსებს და ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან. რა თქმა უნდა, ესეც ითვლება მოქალაქეების შემოსვლაში, თუმცა ტოვებენ და გადიან. დაახლოებით, 3 000-ია, რომელიც შემოვიდა და ჯერ არ გასულა", - თქვა გომელაურმა.

გუშინ, 8 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყება ირწმუნება, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის, ბელარუსისა და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკს არ ქმნიან. 

"მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება", - აცხადებენ სუს-ში. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე ირწმუნება, რომ "აქტიურ რეჟიმში" ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები.


close დახურვა