logo
ENG



გომელაური: საფრანგეთში შევიძინეთ 3 ვერტმფრენი, წესით, პირველი 2024 წლის მარტში ჩამოვა

13 აგვ 202317:35
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ქვეყანამ 3 ახალი ვერტმფრენი შეიძინა და პირველი ვერტმფრენი ქვეყანაში 2024 წლის მარტში შემოვა.

გომელაურის თქმით, ვერტმფრენები საფრანგეთისგან შეიძინეს და წელს მათი შემოყვანა, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება.

"ვერტმფრენები შეძენილია უკვე, 3 ახალი ვერტმფრენი. საფრანგეთში შევიძინეთ და წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი, წელს ვერ მოესწრება სავარაუდოდ და იმ წელს დამთავრდება 3 ვერტმფრენის შემოყვანა" - განაცხადა გომელაურმა. 

მისი თქმით, ამ ვერტმფრენების შეძენაზე თითქმის 1 წელი მუშაობდნენ და "უკვე ნაყიდია".

შს მინისტრის თქმით, ასევე საჭიროა პილოტების შესაბამისად გადამზადება.

გომელაურმა განაცხადა, რომ არსებულ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს იმავეს გაკეთება შეუძლიათ, რაც ახლადშეძენილ ვერტმფრენებს, "უბრალოდ ის ახლებია".

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 9 ადამიანი კვლავ იძებნება.

 

close დახურვა