ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს სირცხვილიას ოფისი "არ დარბეულა".
მინისტრის განცხადებით, ოფისში არაფერი გაფუჭებულა და "ერთი თემა იყო, სამწუხაროდ, რაც მოხდა, ლექსო ლაშქარავასი".
„იქ პოლიციური დანაყოფი იდგა, მაგრამ არ იყო საკმარისი, რომ 500 კაცი შეეჩერებინა. გაჟღერდა, რომ სირცხვილიას ოფისი დაარბიეს. ოფისი არ დარბეულა, საერთოდ არაფერი არ გაფუჭებულა იქ. ერთი იყო სადარბაზო., ესაა სადარბაზო. სადარბაზოში ცხოვრობს 20 ოჯახი, არის სხვადასხვა ოფისი. თვითონ სირცხვილიას ოფისში კარებთანაც კი არავინ მისულა. ერთი თემა იყო, სამწუხაროდ, რაც მოხდა, ლექსო ლაშქარავასი, სადარბაზოსთან მოხდა ეს ფაქტი, მისი ცემის ფაქტი, ეს ხალხი როცა მივიდა და იძალადეს ჟურნალისტებზე. სადარბაზოს კარები შეამტვრიეს, პოლიციაც მივიდა უკვე მაგ დროს. ჟურნალისტები გამოიყვანეს და მეორე სართულზე გააჩერეს ეს ხალხი. ეს ხალხი არ ასულან ზევით ოფისამდე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ჰქონდა პოლიციას რეაგირება სირცხვილიას ოფისთან კონსტანტინე მორგოშიას ძალადობრივ ქცევებზე, გომალაური პასუხობს, რომ მთავარი მოქალაქის უსაფრთხოებაა და ამიტომაც პოლიციელებმა დეესკალაციის გზას მიმართეს.
„პირველ რიგში ამოცანა არის პოლიციის, რომ როცა საფრთხეა, მოქალაქე გამოარიდოს და გამოიყვანოს. და არა დაკავებები დაიწყოს. მეორე თემაა დეესკალაცია - როცა არის მასების მართვის თემა - სწორია დეესკალაციისკენ წაყვანა. რომ ვკითხე ამ ადამიანებს, რატომ შეატარეს, რატომ შეიხედა სადარბაზოში ამ მორგოშიამ თუ ვინც არის, თქვეს, რომ არ მიდიოდნენ უკან. არ ტოვებდნენ თემას. აი, მანდ არიან, სადარბაზოში ჰყავთ დამალულები და ვუთხარი, აი, შეიხედეთ, არავინ არ არის და წადით ახლა. მოვიდნენ, ნახეს თემა და მოხდა ამათი უკან დაბრუნება", - ამბობს გომელაური.
5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სირცხვილიას ოფისში შეჭრა სცადეს, დაარბიეს სადარბაზო და სასტიკად გაუსწორდნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს - მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას - ისინი ადგილზე მუშაობდნენ.
ძალადობრივი ჯგუფები სადარბაზოში, მეოთხე სართულზე, ერთერთ მცოხვრებს სახლში შეუვარდნენ. როგორც სირცხვილიას აქტივისტი მარიამ დოლიძე იხსენებს, ის თავად იმყოფებოდა 5 ივლისს ოფისში და ახსოვს, რომ ესმოდა კარზე ბრახუნი, გინება და მუქარა.
„მოგვიანებით ამოსულმა პოლიციელებმა თავად გვკითხეს, აქაც იყვნენო? კარზე ნაფურთხებია და ფეხის ძირებია ნარტყამიო", - ამბობს აქტივისტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებზე თავდასხმაზე გამოძიება 5 ივლისსვე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო. ამავე დღეს კონტრაქცია დააანონსა საქართველოს საპატრიარქომ.
რუსთაველის გამზირი დილიდან ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს. მათ დაარბიეს პარლამენტის წინ აქტივისტების კარვები, თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს.
Tbilisi Pride-მა 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში" გააუქმა.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა 53 ჟურნალისტი. მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
კოლეგის გარდაცვალების შემდეგ მედიამ წამოიწყო კამპანია #ლექსოსთვის. ისინი ითხოვენ, გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი, როგორც ძალადობის წამქეზებელი; შს მინისტრი, რომლემაც ვერ უზრუნველყო ძალადობრივ აქციაზე ჟურნალისტების უსაფრთხოება და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, მოძალადეები.