logo
ENG



გომელაური: ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში

08 ოქტ 202117:00
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ ბათუმის კორპუსის ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. 

როგორც გომელაურმა აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ კორპუსის ძირში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა და შესაძლოა, ჩამონგრევა ამას უკავშირდებოდეს, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და მიზეზი დადგინდება. 

"ადგილზე მძიმე სიტუაციაა. კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. დავადგენთ რა მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდიან, ორი ადამიანი გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან, სად არიან, ვესაუბრებით ტელეფონით. ასობით მაშველია ჩართული. ტექნიკაც ჩართულია. ჩვენი ინფორმაციით, მიდიოდა ქვემოთ სამშენებლო სამუშაოები, მესაკუთრე აკეთებდა ამას, და შეიძლება ეს იყოს მიზეზი, წინასწარ ვერ ვიტყვი. გამოდძიება მიდის და თუ დადგინდება რა თქმა უნდა პასუხისმგებლობაში მიეცემებიან ეს ადამიენაბი. გამოძიება 240-ე მუხლის, მეორე ნაწილით მიმდინარეობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

მაშველებმა კომუნიკაცია დაამყარეს ადამიანებთან, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებში უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.


close დახურვა