logo
ENG



გომელაური მელიაზე: გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ თუ ერთ თვეში, შეზღუდული არ არის

21 თებ 202120:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/21/jggds8t3d9g0w29.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ უწყებას ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა, თუმცა ამას კონკრეტული ვადები არ აქვს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ახლა მას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, სამ დღეში თუ ერთ თვეში, ეს შეზღუდული არ არის... ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ", - თქვა გომელაურმა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ ის ვერ შეაფასებს მელია პოლიტიკურად დევნილია თუ არა. 

17 თებერვალს მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნიკა მელია ოპოზიციის ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფებოდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს პრემიერმინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ დატოვა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო.

გახარიას განცხადებით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. მისივე განცხადებით, ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.


close დახურვა