"არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, ევროკავშირი შედის დღეს და ღამეც"-ეს განცხადება საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებზე, რამდენიმე წუთის წინ შს მინისტრმა, ვახტან გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით ის ფაქტი, რომ გამთენიისას ევროკავშირის მისიის რამდენიმე მანქანა წაღვლის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდა, განსაკუთრებული არაა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებმა გაავრცელეს. დავით ქაცარავას თქმით, ევროკავშირის მისია ღამის 02:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე სწორედ იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც მანამდე რუსული სამხედრო მანქანების გადაადგილება დაფიქსირდა. პარალელურად კი ქაცარავას და მოძრაობის სხვა წევრებს ატოცში ქართველი სამართალდამცველების მხრიდან შესვლაც აეკრძალათ.