logo
ENG



გომელაური შოვზე: დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და დავტოვეთ

14 აგვ 202312:20
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ვერტმფრენთან დაკავშირებით მისივე გაკეთებული განცხადება განმარტა და თქვა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენმა ტერიტორია დაღამებამდე, დღის შუქზე სრულად დაათვალიერა.

გომელაურმა კვლავ გაიმეორა, რომ ღამით ტერიტორიაზე სითბური დრონები მუშაობდნენ, რომლებიც უკეთესად ხედავდნენ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, ვიდრე შესაძლოა ეს ვერტმფრენს ექნა. გომელაური კვლავ ამტკიცებს, რომ სტიქიის ეპიცენტრში "არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო".

"რაც შეეხება ჩემს გუშინდელ განცხადებას, აჟიოტაჟი რომ ატყდა გუშინ ვერტმფრენებზე, მე მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ. ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვაქვს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალებები, შეუძლია თბილისის აეროპორტიდან აფრინდეს და ჩაფრინდეს ქუთაისში, ჩამოფრინდეს სხვადასხვა აეროპორტში, სადაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს. შეუძლია, ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილზე, სადაც არის მთები მაგალითად, რაც მოხდა აქ. ვერტმფრენი ჩამოვიდა 6 საათისთვის, მე მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათმა, ვინც გუშინ უაზრო განცხადებები გააკეთა. 

ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე, შუაში მოხვდნენ, სადაც იყო დაახლოებით 70 კაცამდე, ეს ხალხი გამოიყვანეს, ამასთან ერთად მუშაობდა დაახლოებით 4-5 დრონი, თავისი სითბურებით, რომლებიც ვერტმფრენით შემოფრენას, ბევრად უკეთ ხედავს დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობდა 5-6 დრონი დაახლოებით, დაბალ სიმაღლეზე, მაღალ სიმაღლეზე. კითხვას ვსვამ ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა პირობითად, თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით?!

დღევე, დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმა რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და არ არსებობს, ამოიყვანდნენ აუცილებლად, ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან დაჭრილი ან ჩაფლული, საიდანაც შეიძლება ამოგვეყვანა. 

თუ, ადამიანი იყო დაშავებული, ან დაზიანებით და იყო შუაში ეპიცენტრში და ვერ გამოგვყავდა, იქ შეიძლება კიდე გაერისკათ პილოტებს, მიფრენილიყო და ამ ადამიანის ამოყვანა განხორციელებულიყო. არ ჩანდა, რაც ჩამოვიდა მიწა, ზევიდან არავინ არ ჩანდა, ვინმე ან შველას ითხოვდა, ან რაღაც იყო, დღე იყო ჯერ", - განაცხადა გომელაურმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 9 ადამიანი კვლავ იძებნება.


close დახურვა