შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს კიდევ ერთი, მე-5 მოადგილე ეყოლება. ამ პოსტზე პრემიერმინისტრის ბრძანებით ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა, რომელიც ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება.
შსს-ს ცნობით, "ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.
2009-2012 წლებში დარახველიძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ალექსანდრე დარახველიძე რამდენიმე უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ საქმიანობას, არის კავკასიის უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი".
დარახველიძის გარდა, გომელაურის მოადგილეები არიან: კახაბერ საბანაძე, გიორგი ბუთხუზი, ვლადიმერ ბორცვაძე და იოსებ ჭელიძე.