logo
ENG



გონჩარენკო ქართველებს: მე არ მოგიწოდებთ ომისკენ, როგორც ამას თქვენი ხელისუფლება გეუბნებათ

02 მარ 202222:45
3 წუთის საკითხავი
 
გონჩარენკო ქართველებს: მე არ მოგიწოდებთ ომისკენ, როგორც ამას თქვენი ხელისუფლება გეუბნებათ

ვერხოვნა რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო ქართველებისადმი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ის საქართველოს არ მოუწოდებს ომისკენ, როგორც ამას მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ.

გონჩარენკო ამბობს, რომ მიაჩნია, საქართველო, დანარჩენ სამყაროსთან ერთად უკრაინის გვერდით უნდა იდგეს და მათთან ერთად იბრძოდეს რუსეთის წინააღმდეგ.

„საქართველოს სურს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება. მე თქვენ არ მოგიწოდებთ ომისკენ, როგორც ამას ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი გეუბნებათ, მე უკვე ვიხილე არაერთი ასეთი გზავნილი. მე უბრალოდ მიმაჩნია, რომ საქართველოს დღეს შეუძლია უკრაინასთან ერთად იდგეს და დააყენოს საკითხი, რომ იმ ყველა სანქციაში, რაც რუსეთის მიმართ ხორციელდება, რასაც მრავალი ქვეყანა ახლა რუსეთთან დაკავშირებით იღებს, ასევე მოიხსენიებოდეს რუსეთის დანაშაულები საქართველოს წინააღმდეგ და თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მე მგონია, რომ ესაა საქართველოს უმთავრესი ინტერესი. თქვენ ხომ მოგენატრათ ცხინვალი და სოხუმი და გინდათ აღადგინოთ თქვენი მშვენიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა" - აცხადებს დეპუტატი. 

გონჩარენკომ განაცხადა, რომ ის ხედავს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და საქართველოში გამართულ უზარმაზარ აქციებს რისთვისაც მოსახლეობას მადლობას უხდის, თუმცა იმავდროულად მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის სანქცირებაზე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს სანქციებში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

თქვენ მშვენივრად გესმით, რომ საქართველოს სანქციებს რუსეთის მიმართ, იმის ფონზე რომ ასეთი სანქციები უკვე დააწესეს აშშ-მ, იაპონიამ, კანადამ, სამხრეთ კორეამ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. ეს უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობისაა. ესაა არჩევანი -რომელ ბანაკშია საქართველო, თავისუფალი სამყაროს ბანაკში, რომელიც ახლა უკრაინას ეხმარება მონსტრი პუტინის შეჩერებაში, თუ პუტინისა და ლუკაშენკოს ბანაკში.“ - განაცხადა გონჩარენკომ.

ოლექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინისთვის ომის დროს ასევე მნიშვნელოვანია მორალური მხარდაჭერა, 2008 წელს კი უკრაინის მხარდაჭერა ყველა ქართველს ახსოვს. 

რადას დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველებს უნდა ესმოდეთ, რომ თუ პუტინი უკრაინის გატეხას მოახერხებს მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება, რომლის 20% უკვე ოკუპირებულია და რუსეთს მორიგი პროვოკაციის დაგეგმვა არ გაუჭირდება.


close დახურვა