გორი შესაძლოა მალე მორიგ საკარანტინე ზონად გამოცხადდეს, ამის მიზეზი კი ქალაქში ბოლოს გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევებია. დღეს მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ზე 23 ადამიანის ტესტირების პასუხს ელოდებიან.
ბოლო მონაცემებით, გორში კორონავირუსი 4 პაციენტს დაუდასტურდა. სამხედრო ჰოსპიტალის მედდას და მისი ოჯახის 3 წევრს. მათ შორის 2 მცირეწლოვანს.
როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფი 80 პირი კი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.
„ამ დროისთვის ინფიცირებული 4 ადამიანის გარშემო არის 80 ადამიანი თვითიზოლაციაში გადაყვანილი. აღებულია 23 ნიმუში. პასუხების მიხედვით მოხდება ანალიზის გაკეთება თუ რამდენად დიდი იყო კონტაქტები ამ ადამიანების გარშემო და კიდევ თუ სხვა რისკი შეიძლება გამოიკვეთოს“, - განაცხადა რწმუნებულმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით საქართველოში დაინფიცირდა 566 პირი. ვირუსისგან 184 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს უკვე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 ტებერვალს დაფიქსირდა.