უკვე მესამე დღეა, რაც ოკუპანტებმა 28 წლის ზაქრო ბუთხუზი სოფელ ქვეშეთიდან გაიტაცეს. გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი „ფორმულასთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ბუთხუზის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხდება.
ბუთხუზის სასამართლო პროცესი ცხინვალში, სავარაუდოდ, დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. კითხვაზე, ხომ არ ახორციელებენ რეჟიმის წარმომადგენლები გატაცებულზე ფიზიკურ ძალადობას, კონსტანტინე თავზარაშვილი გვპასუხობს, რომ მისი ინფორმაციით ბუთხუზი თავს კარგად გრძნობს.
„ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, შესაბამისი სამსახურებიც და სულ მალე გამოიყვანენ ამ პიროვნებას და მალე დაუბრუნდება სახლს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რა თქმა უნდა, კარგად ექცევიან. საბოლოოდ გავიგებთ, როდესაც დავაბრუნებთ მას", - განაცხადა თავზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას 6 ნოემბერს დააკავეს. ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინ ოკუპანტებს ერთხელ უკვე ჰყავდათ დაკავებული ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.