logo
ENG



გორის მერიის ყოფილი თანამშრომლის თქმით, სამსახურიდან კრიტიკული პოსტების გამო გაათავისუფლეს

20 ოქტ 202212:33
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დავით ჭალიძე ამბობს, რომ სამსახურიდან სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტების გამო, გაათავისუფლეს.

ჭალიძის თქმით, ის გუშინ დღის პირველ ნახევარში მუშაობდა, შესვენებიდან დაბრუნებული კი სამსახურში აღარ შეუშვეს.

როგორც ის ჰყვება, მერის მოადგილეებმა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ფეისბუქზე გაკეთებული განცხადებები დაუსახელეს. ჭალიძე გათავისუფლებას უსამართლოდ მიიჩნევს და აპირებს, რომ სასამართლოს მიმართოს.

"წლებია უშედეგოდ ვითხოვთ შსს-ს თანამდებობის პირების მიერ ჩემ მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების დასრულებას, რაც არ ხორციელდება. სამართლიანობის ეგიდით მოსული ხელისუფლება უსამართლობის ზღვაშია ჩაძირული და შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩემს პოზიციებს ვაფიქსირებ ხოლმე სოციალურ ქსელში, ამას შედეგად მოყვა ის, რომ გუშინ გამათავისუფლეს სამსახურიდან. შუადღემდე ვმუშაობდი, შუადღისას გავედი და რომ შევბრუნდი სამსახურში, აღარ შემიშვეს"- ამბობს ჭალიძე.

არსებობს სქრინები, სადაც ჩანს, რომ კრიტიკულ პოსტზე გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი დავით ჭალიძეს კომენტარს უწერს და თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ფორმულა ამ საკითხზე შიოშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ჭალიძე თანამდებობიდან სამეწარმეო საქმიანობის მიზეზით გაათავისუფლეს.

"გუშინ გავიგე პირადად დათოსგან, რომ გაუთავისუფლებიათ. მე ვიკითხე და რაც მითხრეს არის ის, რომ დავით ჭალიძე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და გათავისუფლების მიზეზი გახდა ეს. მე უბრალოდ დავუწერე, რომ არ შეიძლება დედის გინება. მესმის, რომ თანამდებობის პირები ვართ და თმენის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ ოჯახები გვყავს და არ შეიძლება ეს... მე არ ვიცოდი, დათო ჭალიძეს თუ სამეწარმეო საქმიანობა ჰქონდა"- ამბობს შიოშვილი.


close დახურვა