გორის ჰოსპიტალის წარმომადგენელი ამბობს, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, კლინიკა ნებისმიერ დროს მზადაა პაციენტების მისაღებად, თუმცა ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვთ.
"შესაძლებლობა არის ყველაფრის, მაგრამ საუბარი იმის შესახებ, რომ აქ უნდა მოიყვანონ პაციენტი, ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია", - ამბობს ექიმი.
მისივე თქმით, კლინიკა მრავალპროფილურია და ყველანაირი ტექნიკითაა აღჭურვილი.
"მზად ვართ ყველანაირი სიტუაციისთვის. კლინიკა გახლავთ მრავალპროფილური, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პაციენტის მიღება შეგვიძლია. ტექნიკურადაც აღჭურვილი გახლავართ", - ამბობს ექიმი.
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ცოტა ხნის წინ გაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ამ ვარაუდს ის ფაქტი ამყარებს, რომ რუსთავის #12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან სამხედრო ვერტმფრენი შენიშნეს.
ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით უწყების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადასაყვანად უწყება ვერტმფრენს გამოიყენებს.
სააკაშვილი 39-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა დამძიმებულია. დღეს ექიმთა კონსიულიმმა რეკომენდაცია გასცა, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ.