გორის მუნიციპლიტეტის სოფელ ზეღდულეთში მცხოვრები მოსახლეობა ცენტრალური ავტობანის გადაკეტვას ცდილობს. ისინი ამ ფორმით საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ და პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
ადგილზე არიან სამართალდამცველები, მათ ბარიერები შეუქმნეს ადგილზე შეკრებილებს, რათა ავტობანზე გადასვლა ვერ მოახერხონ. ისინი ავტობანიდან დაახლოებით, 200 მეტრში გაჩერდნენ.
აქციის მონაწილეებთან მივიდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი, რომელმაც მათ სთხოვა გზა არ გადაეკეტათ.
"სისხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, დავიცავთ. უკან დასახევი არ გვაქვს", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტებთან.
მათი თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მიწები სოფელს არ დაუბრუნდება.
"მიწები წაგვართვეს, გაგვიყიდეს ყველაფერი, გაგვანადგურეს, არაფრის საშუალებას არ გვაძლებენ. 200 ჰექტარი მამული გაგვიყიდეს, სახნავ-სათესი 120 ჰექტარი და საძოვარი 75 ჰექტარი. ჩვენს უფლებებს არაფრად აგდებენ და ისევ ვიღაც მილიონერებს ემხრობიან", - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
სოფელში ხმაური და დაპირისპირება იყო 20 ნოემბერს. ადგილზე კონფლიქტი იმ დროს დაიწყო, როდესაც მიწის მეპატრონემ ფართობის დამუშავება დაიწყო. ადგილობრივები ტრაქტორის დამუშავების შემდეგ პროტესტის ნიშნად თხრილში ჩაწვნენ. ადგილობრივების თქმით, გაყიდული ტერიტორია სოფლის საძოვარია და მეპატრონეს მისი დამუშავების უფლება არ აქვს.
ქართული ოცნება წინა ხელისუფლებას აბრალებს, რომ სადავო მიწები პირველად ნაციონალური მოძრაობის დროს გასხვისდა. თავდაპირველად, მიწის ნაკვეთი ინდოელმა ინვესტორმა იყიდა, რომელიც მოსახლეობას, აქამდე, საძოვრების გამოყენების საშუალებას აძლევდა. მას შემდეგ, რაც ინდოელმა ინვესტორმა მიწა გაყიდა, ახალმა მფლობელმა მისი გადახვნა დაიწყო.