logo
ENG



გოცირიძე: თუ ბანკები სანქცირებულებს მოემსახურებიან, საერთაშორისო სანქციის ქვეშ მოექცევიან

16 სექ 202422:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/16/ac3qgfxvmhm4jxt.jpg

პარლამენტის დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ის მიერ ქართველებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ბანკები, რომლებიც ხვალიდან სანქცირებულ პირებს მოემსახურებიან, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცევიან.

გოცირიძის თქმით, კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება.

"ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ ოთხი პირისადმი, შსს-ს მაღალჩინოსნებისა და ალტინფოს წარმომადგენლებისადმი დაწესებული იქნა არა სავიზო, არამედ საფინანსო სანქციები, ისეთი სახის, როგორიც იქნა დაწესებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ფარცხალაძის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკები, რომლებიც ამ პირებს ხვალიდან მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ.

ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდება მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

დღეიდან ქართული ბანკები წინააღმდეგობაში ვარდებიან - დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციებს. კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება"- წერს გოცირიძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.


close დახურვა