ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერის, რომან გოცირიძის შეფასებით, მე-9 მოწვევის პარლამენტის სიმბოლო ლარის კურსი და რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია.
გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას "მორჩილ ადამიანთა გუნდი" უწოდა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები, რომლებსაც ღირსება ჰქონდათ, დღეს ქართული ოცნების შემადგენლობაში აღარ არიან.
"ლარის კურსი 4 წლის წინ იყო 2.3, დღეს კი 3.3-ს შეადგენს. ოთხი წლის განმავლობაში, ამ ხელისუფლებამ ყოველი ორი ლარიდან ერთი ლარი მოჰპარა ხალხს, გააღარიბა, გააღატაკა. მეორე სიმბოლო ამ პარლამენტის არის გავრილოვი. გავრილოვის გაძევებამ გამოიწვია ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაცია, რომელმაც საბოლოოდ უზრუნველყო ქვეყნის გადასვლა პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემაზე. პარლამენტი შეიძლება შეფასდეს როგორც მორჩილ ადამიანთა გუნდი, აგრესიული, მორჩილი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც დაიშალა და დღეს შემორჩა მისი ნამსხვრევები", - განაცხადა გოცირიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას აღარასდროს ეყოლება ისეთი საკანონმდებლო ორგანო, როგორიც დღეს ჰყავს.
"ეს არის პარლამენტი, რომელმაც დაამტკიცა უღირსი მოსამართლეები, პარლამენტი, რომლის ფუნქციაც იყო ბიძინა ივანიშვილის დავალებების სამართლებრივი გაფორმება და ღილაკზე ხელის დაჭერა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთი პარლამენტი საქართველოს თავის ისტორიაში არ ეყოლება არასდროს", - თქვა გოცირიძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობას, გოცირიძის თქმით, ოპოზიცია იყო ის ბარიერი, რომელიც მმართველ გუნდს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელებაში ხელს უშლიდა.
"ოპოზიცია იყო ის ბარიერი, რომელიც პარლამენტს ხელს უშლიდა მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელებაში. რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ქვეყანას ეძლევა შანსი უმტკივნეულოდ შეცვალოს ხელისუფლება იმ საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც იქნა მიღებული ამ პარლამენტის მიერ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მე-9 მოწვევის პარლამენტი საქმიანობას დღეს ასრულებს. ამის მიზეზი რეგლამენტია, რომლის თანახმადაც, პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე 1 თვით ადრე უნდა შეწყდეს.