„ფორმულას“ მიერ „ედისონ რისერჩისთვის“ დაკვეთილ კვლევას აფასებენ ოპოზიციური ლიდერები. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გამოკითხვა საზოგადოების განწყობას მმართველი გუნდის მიმართ ზუსტად ასახავს.
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ კვლევას ენდობა, რადგან ის ზუსტად ასახავს მოსახლეობის დაკვეთას.
„ქართულ ოცნებას ყველა თავის სატელიტთან ერთად არ აქვს იმ რაოდენობის ხმები, რომლებიც საკმარისი უნდა იყოს მთავრობის დასაკომპლექტებლად. ამ კვლევით აშკარად ჩანს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, რაც იმ შემთხვევაში მოხდება თუ ოპოზიცია ერთიანი იქნება. ოპოზიციის ერთიანობა ნიშნავს, რომ 30 მაჟორიტარულ ოლქში უნდა მოხდეს შეთანხმება. ამ კვლევით ჩანს, რომ ცალკე აღებული ოპოზიციის კანდიდატი მნიშვნელოვნად უგებს ქართული ოცნების კანდიდატს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
„ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის წევრი“ ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ ის დაბალი ნიშნული 2%, რომლიც მათ მიიღეს კვლევაში, რეალური არ არის. შესაბამისად, მათ კვლევასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
„არ ვაპირებთ ამ კვლევის დეტალურად შესწავლასაც კი. ის პარტიები, რომლებიც კვლევის საფუძველზე არიან მოლოდინში, რომ მსგავსი პროცენტული მაჩვენებლები იქნება 2020 წლის არჩევნებზე ძალიან დიდ სიურპრიზს მიიღებენ, მატ შორის ჩვენი პარტიისგანაც. ჩვენი პარტია საარჩევნო რეჟიმში იწყებს გადასვლას და 2020 წლის არჩევნებზე გამოჩნდება, როგორი პოზიცია ექნება ამომრჩეველს ჩვენი და სხვა პარტიების მიმართ“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.