საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას ოპოზიციაში აფასებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა არ არის სერიოზული. გოცირიძე მმართველ გუნდს ბიუჯეტის კორექტირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობა სერიოზული რისკის ქვეშ დგას.
„რაც მთავრობამ განაცხადა ეს არის კოსმეტიკური ზომები, ეს არ არის სერიოზული გეგმა, რაც ყველაზე მთავარია კვლავ სერიოზული რისკის ქვეშ დგას ლარის სტაბილურობისა და ფასების ზრდის საკითხი, ვინაიდან უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ბიუჯეტს, ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს მისი კორექტირება და უსარგებლო, კორუფციული და ბიუროკრატიული ხარჯების ამოყრა აპირებენ რაღაც სხვა სახის ინიციატივებით შემოსვლას, ეს არის დაუშვებელი. ასევე ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა განაცხადოს, თუ რას აპირებს ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებს, ვინაიდან ბევრი სასტუმრო უკვე დაკეტილია და სამუშაო ადგილები უკვე შემცირებულია.
„გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ისინი იღებენ მე ვფიქრობ დღეს ბევრად უფრო დაგვიანებულია, დღეს საუბრობენ რომ სამუშაო ადგილები არ შემცირდეს - ბევრი სასტუმრო უკვე დაკეტილია და ბევრი ადამიანი უკვე უმუშევარია. რაც შეეხება ავტომობილების ბაზრობას, ეს პრაქტიკულად ბიზნესი გაჩერებული და ჩამოქცეული, ამ ადამიანებს აკისრებენ ჯარიმებს და გადაჰყავთ მათი მანქანები საჯარიმო სადგომებზე, რადგანაც ისინი ვერ ახერხებენ მანქანების გამბაჟებას, რადგან ისინი ძირითადად იყვნენ ორიენტირებული რეექსპორტისთვის, ამიტომ ამ ადამიანებსაც სჭირდებათ გვერდში დადგომა და რა თქმა უნდა გადასახადების ჩამოწერა“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსნებთ, 18 ათას კომპანიას ქონების გადასახადები ოთხი თვით გადაუვადდება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის გამო, ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების თქმით, მთავრობა ტურიზმის სექტორის დახმარებას გეგმავს და მცირე ზომის სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტების სუბსიდირებას აპირებს.