გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები „ქართულ ოცნებას“ აზიანებს.
გოცირიძის თქმით, ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ პრეზიდენტია და მისი ადგილი იყიდეს.
„ქართულმა ოცნებამ" დაინახა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან სერიოზული ტვირთი და მოუვიდათ შეცდომა. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ მისი ყოველი ნაბიჯი იქნება ეს გარეჯთან დაკავშირებით თუ წინასაარჩევნოდ დაშვებული შეცდომები, თუ კორუფციული სქემები, რა თქმა უნდა, სერიოზულად აზიანებდა "ქართულ ოცნებას," რომელმაც მოიყვანა ის პრეზიდენტად და ფაქტობრივად, ნაყიდი ადგილია.
ვალების ჩამოწერას და სხვა მანიპულაციებს თავი რომ დავანებოთ, იგი „ქართული ოცნების" პრეზიდენტია. ამიტომ, გაღიზიანება ვერავინ დამალა, ვერც ივანიშვილმა. ივანიშვილის გარეშე არაფერი ხდება „ოცნებაში“. თქვენ წარმოგიდგენიათ, ივანიშვილის გარეშე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოდის და პრეზიდენტის ქმედებას მკაცრ შეფასებას აძლევს? პირდაპირი მითითება იყო, უხეშად რომ ვთქვათ ადგილზე მოსმის, მეორეჯერ არ გამოვიდეს ისეთი განცხადებებით, რომელიც მათ გუნდს აზიანებს," - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკვე სამი დღეა საქართველოს პრეზიდენტმა არ იცის, დააკმაყოფილებს თუ არა სინოდის წევრთა შუამდგომლობას და შეიწყალებს თუ არა დეკანოზ მამალაძეს. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა. დეკანოზი, მისი ადვოკატი, ოჯახის წევრები და მთელი საზოგადოება ახლა სალომე ზურაბიშვილის განაჩენს ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის იყვნენ ძებნილი პირი, გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული, ნარკორეალიზაციაში ბრალდებული და პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული. ამან საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.