logo
ENG



გოცირიძე: უცხოური დახმარების გონივრულად გამოყენების გზას ვერ ვხედავთ

25 მაი 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

 

მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს ორჯერ ესტუმრება. დეპუტატებს გახარიასთან კითხვები სხვადასხვა საკითხზე აქვთ, მათ შორის საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეკონომიკურსა და სოციალურ მდგომარეობაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით, მისთვის საინტერესოა როგორ აპირებს მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული დახმარების გადანაწილებას. როგორც გოცირიძე აცხადებს, პერმიერ-მინისტრთან მთავარი კითხვები სწორედ ანტიკრიზისულ გეგმას და ეკონომიკას შეეხება.

 „ყველაზე მთავარი შეკითხვა ეს არის გამოუვალი ეკონიმიკური ვითარება, რომ პერსპექტივა არ ჩანს, არც ხელისუფლების უნარი, არც ხელისუფლების ხედვა, მიუხედავად იმისა, რომ 3 მილიარდამდე უცხოური დახმარება წამოვა საქართველოში და პარტნიორებმა არ გაგვწირეს, მისი გონივრულად გამოყენების გზასაც ვერ ვხედავთ. უმძიმესი ვითარებაა შიმშილის რეიტინგში და საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაშია ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით. იზრდება სიღარიბე, განსაკუთრებით მძიმედ აწვება პენსიონერებს და ბავშვებს. ამ კორონავირუსი კრიზისმა ქვეყანა გააღატაკა“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ გახარიას შეკითხვებზე აქამდეც უნდა ეპასუხა. როგორც პარტიის წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, კრიზისის მართვის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ბევრი დარღვევა ფიქსირდება. აბესაძე ასევე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ თქვა მმართველმა პარტიამ უარი ოპოზიციის შეთავაზებებზე.

„კრიზისის მართვის პერიოდში იყო სერიოზული დარღვევები - ბიზნესის სელექტიური გაჩერება, რაც კორუფციაა, ბიუჯეტის ხარჯზე კორუფციული გარიგებები. იმ ფონზე, როდესაც დასაქმებულებს მხოლოდ მიზერულ 200 ლარს აძლევენ და თვითდასაქმებულების დიდი ნაწილი დახმარების გარეშე რჩება, გაუგებარია რას აპირებს მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე. გაუგებარია რატომ ამბობენ უარს ევროპული საქართველოს ინიციატივის გაზიარებაზე, რომ საპენსიო ფონდში დაგროვებული ასეულობით მილიონი ლარი დაუბრუნდეს ხალხს ამ კრიზისის და გაჭირვების დროს. ეს არის ის შეკითხვები, რაზედაც გახარიას უნდა ეპასუხა ჯერ კიდევ ერთი თვის უკან“,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, გარდა ანტიკრიზისული გემისა საინტერესოა ისიც თუ რომელი უფლებების შეზღუდვას აპირებს მთავრობა ახალი კანონების თანახმად, რომელიც ძალაში 15 ივლისამდეა.

„ჩემთვის საინტერესო იქნება მოვისმინო პასუხები 15 ივლისამდე, მაშინ როცა მოქმედებს ანტიკონსტიტუციური კანონი, რას გეგმავს მთავრობა ამ თვენახევარში რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს და ხომ არ შეეხება ის მოქალაქეთა შეკრების ან გადაადგილების უფლებას, რაც ძალიან საფრთხეს შექმნის ბევრი ინდივიდუალური საჩივრის. მეორე ნაწილი ეხება ანტიკრიზისულ გეგმას, ჩვენ არ ვიცით ეს როგორ ხდება, როდის უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ კორექტირებული ბიუჯეტი ჯერ პარლამენტში შესული არ არის“,-აცხადებს ეკა ბესელია.

ფრაქცია „ დამოუკიდებელი დეპუტატების “ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მათ ხელისუფლებასთან 41 შეკითხვა ექნებათ, თუმცა რას შეეხება შეკითხვები ამას ფრაქციის წევრები არ ასაჯაროებენ, როგორც გოგიჩაიშვილი განმარტავს კითხვები პოლიტიკას შეეხება.

„ჩვენ გვექნება 41 შეკითხვა რა შეკითხვები იქნება ჩვენ დავიტოვებთ საიდუმლოდ. კითხვები იქნება ბევრი, საინტერესო და კითხვები იქნება პოლიტიკის ირგვლივ. კონკრეტულად გვაინტერესებს რა ხდება ამ ქვეყანაში და აუცილებლად გამოვიყენებთ ამ ტრიბუნას ყველა საკითხზე სასაუბროდ“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა, როგორც ცნობილია პრემიერი  მიმდინარე კვირას პარლამენტს ორჯერ ესტუმრება.

 


close დახურვა