ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტების, მელაშვილი-ილიჩოვას მონახულებაზე უარი უთხრეს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიიღო. გოცირიძე ამ ფაქტს "სადეპუტატო საქმიანობაში ხელშეშლად" აფასებს.
"მივიღე ოფიციალური უარი სინდისის პატიმრების, ბატონი ივერი მელაშვილისა და ქალბატონი ნატალია ილიჩოვას ციხეში მონახულებაზე, რაც არის სადეპუტატო საქმიანობაში ხელის შეშლა. მიზეზად პანდემიას ასახელებენ", - წერს გოცირიძე ფეისბუქის გვერდზე.
რომან გოცირიძემ ფორმულასთან საუბარში განმარტა, რომ ციხეში შესვლას კიდევ ეცდება, ამისათვის კი გეგმავს კორონავირუსზე დილით ტესტირება ჩაიტაროს, რათა საღამოს შევიდეს.
"ადვოკატები ხომ შედიან? მე დავწერე, რომ ტესტს გავიკეთებდი შესვლის წინ. ადვოკატი თუ შედის, მე რატომ არ უნდა შევიდე?" - ამბობს გოცირიძე.
ფორმულა ცდილობს, პარლამენტთან დაკავშირებას. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.
უწყებაში განაცხადეს, რომ დაკავებულებს გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ გამოეყენებინათ ის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.
ამასთან, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.