logo
ENG



გოცირიძე თადუმაძეს: საქართველოს მედიას მოევლინეთ ჯალათად

09 ოქტ 201913:45
3 წუთის საკითხავი
 
4x44e1u2989vnc7.jpg

 

"თქვენ საქართველოს მედიას მოევლინეთ ჯალათად,"-ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, რომან გოცირიძემ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს. მას დილიდან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით უსმენენ.

გოცირიძის თქმით, სწორედ თადუმაძის პროკურურობის დროს განხორციელდა ყველა გახმაურებული ქმედება ადგილობრივი მედიის წინააღმდეგ და საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან.

„თქვენ დროს იყო ყველა გახმაურებული და რეპრესიული ქმედებები. ერთი გამოძიებული ნაწილი და მეორე  ახლაც პროცესშია. ფაქტობრივად, თქვენ საქართველოს მედიას მოევლინეთ ჯალათად. „რუსთავი 2-ის“ საქმე სწორედ თქვენ დროს იყო თავიდან ბოლომდე დადგმული.  მე გეკითხებით - „რუსთავი 2“- ის მეპატრონე,  91 %-ის წილის მფლობელი არ ჩივის არსად და თქვენ, ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეთ საკუთრების არაეფექტიანად მართვის გამო. ვიღაც 9 %-ის მფლობელის სარჩელის საფუძველზე. სწორედ ეს 9 % ედავება ნიკა გვარამიას და გამოდის, რომ ქონება რადგან ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, მას კი წაერთვა, ამით კმაყოფილია. ეს ადამიანი დღეს ედავება ნიკა გვარამიას, ვინც „რუსთავი 2,“ დელისზე ნაქირავებ შენობაში დაფუძნებული კომპანია, 70 თუ 100 მლნ.-იან კომპანიად აქცია?“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე აქვს მას თადუმაძესთან შეკითხვა. კერძოდ, ანალოგიური ვითარებაა კომპანია „იმედი ჰოლდინგში, მაგრამ პროკურატურა ამ თემით არ ინტერესდება, რასაც, გოცირიძე შერჩევით სამართალს უწოდებს.

„როგორც  ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, „იმედს“ აქვს 27 მლნ. ლარის დავალიანება და არ იხდის იმიტომ, რომ აღნიშნულს არც „რუსთავი 2“ აკეთებს. თურმე „იმედი ჰოლდინგი“ ყოფილა წამგებიანი და 27 მილიონი დავალიანება აქვს მარტო ბიუჯეტის მიმართ, გაუკოტრებია მეპატრონე რუხაძე. ის ადამიანი, ვინც  ფლობს 5 ბანკს და "რუსთავის ცემენტს"  მართავს ივანიშვილთან ერთად. რატომ არ იჭერთ ამ ჰოლდინგის ხელმძღვანელობას, რომელმაც ზიანი მიაყენა ტელეკომპანიას?“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ კითხვას თადუმაძემ კითხვითვე უპასუხა და დაინტერესდა „რუსთავი 2“-ის საქმეს თუ იცნობს გოცირიძე. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საუბრობს ტელევიზორში მოსმენილის მიხედვით და არ იცნობს საქმის დეტალებს. თადუმაძის რეპლიკა გოცირიძემ უარყო და განაცხადა, რომ ის მზადაა ნებისმიერ კითხვას უპასუხოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

 


close დახურვა