საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ყოველწლიურ ანგარიშის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ შვიდწლიანი მმართველობის კიდევ ერთი სიცრუის ტირაჟირება.
„შარშან აქ შემოთრეული იყო გავრილოვი. ამას მოყვა პარლამენტის თავმჯდომარის გაგდება საპროტესტო აქციების ფონზე. ამ პარლამენტში მიღებული იქნა ისეთი კანონები, რომელმაც დაასამარა სასამართლო სისტემა. ამ დარბაზში დაამტკიცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომელთა პირველი რეპრესიული შედეგი იწვნია გიგი უგულავამ. ამ დარბაზიდან გააძევეს ნიკა მელია. ამ დარბაზიდან იძულებული გავხდით გამოვსულიყავით ოპოზიცია. ამ დარბაზში დაინგრა ქართული ოცნების უმრავლესობა.
დღეს ოცნება დარჩა არაკვალიფიციური ადამიანების ამარა. ეს იყო ოცნების წარუმატებელი შვიდწლიანი საქმიანობის შედეგი. ამ დარბაზში ყველაზე დიდი ტყუილი გაფორმდა, როდესაც ივანიშვილმა მოატყუა ყველა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს არის ცრუ ხელისუფლება“, - განაცხადა გოცირიძემ.