67 გრენლანდიელი ქალისგან შემდგარი ჯგუფი 1960-იან წლებში შობადობის იძულებით კონტროლის კამპანიისთვის დანიის ხელისუფლებისგან კომპენსაციაც მოითხოვს.
როგორც BBC წერს, სულ მცირე 4 500 ქალს, მათ შორის ზოგიერთ მოზარდს, ე.წ. სპირალი ჩაუდგეს პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა შობადობის შეზღუდვას ადგილობრივ მოსახლეობაში.
გამოძიება 2025 წლისთვის უნდა დამთავრდეს, თუმცა ქალები, რომელთაგან ზოგიერთი 70 წელს გადაცილებულია, კომპენსაციას ახლა მოითხოვენ. თითოეული 300 ათას კრონს, დაახლოებით 42 ათას დოლარს მოითხოვს.
1953 წლამდე გრენლანდია დანიის კოლონია იყო, ახლა მისი ნახევრად-სუვერენული ტერიტორიაა. კამპანიის მასშტაბები გასულ წელს გახდა ცნობილი დანიის მაუწყებლის DR-ის მიერ გამოქვეყნებულ პოდკასტში.
ეროვნული არქივის ჩანაწერებიდან გამოჩნდა, რომ 1966-1970 წლებში საშვილოსნოსშიდა სპირალი ქალებს ისე ჩაუდგეს, რომ მათ არაფერი იცოდნენ და არც თანხმობა ჰქონდათ ამაზე გაცემული. DR-ის ინფორმაციით, გრენლანდიის მთავრობის მონაცემებით, 1969 წლის ბოლოსთვის, იმ ქალების 35%-ს, რომლებსაც შეეძლოთ ბავშვების გაჩენა, ე.წ. სპირალი ჩაუდგეს.
დანიისა და გრენლანდიის მთავრობების მიერ შექმნილმა კომისიამ გამოძიების შედეგები 2025 წლის მაისისთვის უნდა წარადგინოს.
"არ გვსურს გამოძიების შედეგების ლოდინი" - განაცხადა ფსიქოლოგმა ნაია ლიბერტმა, რომელმაც კომპენსაციის შესახებ სარჩელი დააინიციირა.
"ვბერდებით, ჩვენს შორის ყველზე ასაკოვნები, რომელთაც სპირალი ჩაუდგეს, 1940-იანებში დაიბადნენ და 80 წელს უახლოვდებიან. ახლა გვინდა მოქმედება".
ლიბერტის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული მოწყობილობა ზედმეტად დიდი ზომის იყო გოგონების სხეულისთვის, რამაც ჯანმრთელობის პრობლემები ან უნაყოფობა გამოიწვია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ქალებმა არც კი იცოდნენ მოწყობილობის შესახებ, სანამ ცოტა ხნის წინ გინეკოლოგებმა არ აღმოაჩინეს.
ის ადანაშაულებს დანიის მაშინდელ ხელისუფლებას იმაში, რომ მათ სურდათ გრენლანდიის მოსახლეობის რაოდენობის კონტროლი, რათა სოციალური უზრუნველყოფის ფული დაეზოგათ.
გასულ წელს დანიამ ბოდიში მოიხადა და კომპენსაცია გადაუხადა ექვს ინუიტს, რომლებიც 1950-იან წლებში გრენლანდიაში დანიურენოვანი ელიტის შექმნის მცდელობის ფარგლებში საკუთარი ოჯახებიდან წამოიყვანეს.
გრენლანდიაზე მხოლოდ 57 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორიას აქვს საკუთარი დროშა, ენა და ჰყავს საკუთარი პრემიერმინისტრი, თუმცა ვალუტას, მართლმსაჯულების სისტემას, ასევე საგარეო და თავდაცვის საკითხებს დანია აკონტროლებს.