„ეს შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ. ოცნების დეპუტატები აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ,“ - ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ აკეთებს.
მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე იმიტომ მივიდა, რომ საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან განუწყვეტლივ ზეწოლას განიცდის.
„ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით. პირველი - მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ ზეწოლას საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე მმართველი გუნდი არ წამოვიდოდა. მეორე - აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი არც წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. და მესამე - კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციის მიერ არის მომზადებული და რომელსაც ოცდაათმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე- ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა რომ ეს შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ. თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. ქართულ ოცნებას არ მივცემთ არასდროს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია საუბრისთვის მზად არაა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
რაც შეეხება, შეხვედრის მიმდინარეობის დროს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტების მონაწილეობას, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შეხვედრის ფორმატს ადგენენ საერთშორისო მედიატორები და მათი გადასაწყვეტია თუ ვინ დაესწრება ამ შეხვედრას.
მისივე განცხადებით, მათ საერთაშორისო მედიატორებს მიმართეს თხოვნით, რომ სამოქალაქო აქტივისტებიც დასწრებოდნენ, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო.
„ფორმატი შედგენილია საერთაშორისო მედიატორების მიერ. ჩვენ ვთხოვეთ სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობა. თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.