გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ის, სავარაუდოდ, ქუთაისში იყრის მაჟორიტარად კენჭს - როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, პარტიაში ოფიციალური გადაწყვეტილება არაა მიღებული, თუმცა ამის ალბათობა დიდია.
გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ერთიანი ოპოზიციის ბრიფინგზე ენმ-ს სახელით განაცხადა კიდეც ნიკა მელიამ, რომ პარტია რეგიონებში თავის კანდიდატებს წარადგენდა და ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ფორმალური გადაწყვეტილება პარტიას არ მიუღია, ამიტომ ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა დიდი ალბათობით ვიქნები ქუთაისში", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამ დროისათვის ცნობილია ოპოზიციის მაჟორიტარი ექვსი კანდიდატი თბილისში - ვაკეში ელენე ხოშტარია იბრძოლებს, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი, გლდანში ნიკა მელია, ხოლო სამგორში ლევან ხაბეიშვილი.
ამავდროულად, ცნობილია ისიც, რომ საბურთალოზე კენჭს იყრის თაკო ჩარკვიანი, თუმცა ის ოპოზიციის საერთო კანდიდატი არ იქნება.