logo
ENG



გრიგოლია: სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე მაისში, როცა კლინიკაში შემოვიდა

02 აპრ 202317:26
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ.

კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის, გიორგი გრიგოლიას თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაცილებით უფრო უარესი, ვიდრე მაისში, როცა ის კლინიკაში შემოვიდა.

"თუ ჩვენ გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რომ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული. მე არ მინდა ახლა ვილაპარაკო გადავადება იქნება თუ დროებითი რაღაცა. მე მგონია, რომ საქართველოს პირობებში, ჩვენ პირობებში, სადაც ის [სააკაშვილი] თავს გრძნობს პატიმრად, სადაც არ ეხსნება ის სტრესი, რამაც გამოიწვია ეს დაავადება, ნებისმიერ კლინიკაში იქნება იგივე რეზულტატი. მკურნალობის შედეგად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით უფრო უარესი, ვიდრე მაისში, როცა ის შემოვიდა კლინიკაში", - თქვა გრიგოლიამ.

კლინიკა ვივამედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ, სახალხო დაცველის კონსილიუმის ექიმებს უთხრა, რომ სააკაშვილის მკურნალობა ვივამედში აღარ უნდა გაგრძელდეს. ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები კი მიიჩნევენ, რომ უმჯობესია პრეზიდენტმა მკურნალობა საზღავრგარეთის რომელიმე კლინიკაში გააგრძელოს.

"მისი მდგომარეობა მძიმეა და მას სჭიდება ძალიან სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს. იმიტომ, რომ აქედან ვერასდროს ვეღარ იტყვი, როდის და რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი", - განაცხადა კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, თენგიზ წულაძემ.

მიხეილ სააკაშვილი ნევროლოგმა, კარდიოლოგმა, ჰემატოლოგმა და რეანიმატოლოგმა გასინჯეს. სავარაუდოდ, ოთხშაბათს გამოქვეყნდება ომბუდსმენის კონსილიუმის რიგით მეცხრე დასკვნა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.


close დახურვა