TV პირველის წამყვანი ინგა გრიგოლია პრემიერ ღარიბაშვილს პასუხობს, რომელმაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მედიის აქციებს დააბრალა. გრიგოლია ღარიბაშვილს მიმართავს, რომ "სულელური" ბრალდებებით ვერ "დააკომპლექსებს" მათ და პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
ინგა გრიგოლიამ პრემიერს ქართული ოცნების შეკრებები და ძალადობრივი ჯგუფების აქციებიც შეახსენა:
"ღარიბაშვილისგან აღარაფერი მიკვირს. პრემიერი სანამ მედიას დააბრალებს გარდაცვლილი და ნაცემი კოლეგის საპროტესტო აქციების მიზეზით გაიზარდაო ინფიცირებულთა რაოდენობა, მანამდე თავის თავს ჰკითხოს, თვითონ რომ კუნთმაგარი ჩლუნგები გამოყავთ ხოლმე ქუჩაში დიდი აქციებით, იატაკქვეშა ოცნებას რომ ვეძახი, იმ აქციებით ხომ არ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა? თავიანთი პოლიტიკური თავყრილობებიც კარგად გაიხსენოს, ნუ ეცდება ახლა ადამიანები, თუნდაც 2-3 კაცი დააჯეროს იმაში, რომ მედიის აქციებმა გამოიწვია ამ რიცხვის ზრდა. სირცხვილია.
ბატონო ირაკლი, ამ განცხადებებს ჯობია, თქვენი მთავრობის წევრებთან როცა შეიყრებით, მიიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და პირველ რიგში, ორგანიზატორები დასაჯოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავინ გაგიტარებთ, ვერ დაგვაკომპლექსებთ ამდაგვარი სულელური ბრალდებებით, რომ თითქოს მედიის აქციებს უკავშირდება ინფიცირებულძთა რაოდენობის ზრდა", - აცხადებს ინგა გრიგოლია.
ქართული ოცნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებას ისევ საპროტესტო აქციებს აბრალებს.
დღეს, 26 ივლისის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "უპასუხისმგებლო საპროტესტო აქციებმა ინფიცირებულთა რაოდენობა გააორმაგა".
"მინდა აღვნიშნო სავსებით სამართლიანად, რომ უპასუხისმგებლო რამდენიმე დღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად გაორმაგება ინფიცირებულთა რაოდენობის. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ კიდევ უფრო მეტი ყურადღება, სიფრთხილე. პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ზოგადად ჩვენს აქტივობას, იქნება ეს ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები", - თქვა მან.
მმართველ გუნდს ასეთივე პოზიცია ჰქონდა გასული წლის ნოემბერში, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა პიკს მიაღწია. ოცნებაში მაშინდელ ზრდასაც ოპოზიციის "უპასუხისმგებლო" საპროტესტო აქციებს აბრალებდნენ.