როცა საქმე საქართველოში ლავროვის ჩამოსვლას ეხება, საერთაშორისო კანონმდებლობისა და დიპლომატიის წესები მოჰყავს არგუმენტად "ქართულ ოცნებას". რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა "ფორმულას" დაუდასტურა. დელეგაციის შემადგენლობას რუსეთის საგარეო უწყება არ ამჟღავნებს, თუმცა კრემლი გარანტიებს ითხოვს.
ისტორია, რომელიც მაისში თბილისში დაიწერება, გრიგორი კარასინმა იალტიდან მოგვიყვა. ანექსირებული ყირიმიდან რუსმა სენატორმა გვითხრა, რომ თბილისში რუსული დელეგაცია აუცილებლად ჩამოვა და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. დელეგაციაში საკუთარ თავს არ მოიაზრებს, არც იმას ამბობს ვის მოავლენს მოსკოვი ევროსაბჭოს მინისტერიალზე თბილისში.
დეტალებისთვის გრიგორი კარასინმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართა, თუმცა დელეგატების ვინაობა არც იქ გაგვიმხილეს. უფრო მეტიც - ლავროვის უწყებაში "დაგვარიგეს", რომ კრემლის მაღალჩინოსნების ჩამოსვლა არც საზოგადოებას უნდა აღელვებდეს და არც შიდა პოლიტიკური პროცესებს.
მოსკოვში პროვოკატორები უწოდეს მათ ვინც, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისთანავე პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციაზე შეიკრიბნენ. სისხლიანი დარბევის შემდეგაც კი პოზიცია არ შეუცვლიათ და ხელისუფლებას დღესაც აფრთხილებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსნების თბილისში ჩამოსვლას საზოგადოება პროტესტით შეხვდება.
ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კი ხელისუფლებას აფრთხილებს და მოუწოდებს, ქვეყნის კანონს პატივი სცეს და პირები, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვთ დარღვეული არ უნდა შემოუშვას. თუ ხელისუფლება ე.წ. გავრილოვის სისხლიანი ღამის მსგავს შეცდომას გაიმეორებს, საზოგადოების პასუხი ბევრად უფრო მწვავე იქნება.
"ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიიღებს, თუმცა ვისთან განიხილავენ ამ თემას არ აკონკრეტებენ.
ევროსაბჭოს მინისტერიალზე ჩამომსვლელთა ვინაობის შესათანხმებლად "ქართულ ოცნებას" სამი თვე აქვს. თუმცა მაისამდე დარჩენილ ვადაში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა იგეგმება. ხვალ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იწყება, სადაც ლავროვი ჩადის და სავარაუდოდ გიორგი გახარია უკვე გაემგზავრა, მარტში კი კარასინი-აბაშიძის ფორმატის შეხვედრა იგეგმება, სადაც დღევანდელი განცხადების ავტორი რუსული დელეგაციის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.