გრიგორი კარასინი პრაღის მოლაპარაკებების ფორმატს უბრუნდება. ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის მთავარი თემა კვლავ ვაჭრობისა და სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები იქნება.
შეხვედრების პრაღის ფორმატში კარასინის დაბრუნებით, რუსეთის მხრიდან ხისტი პოზიციის ცვლილებას არ ელოდება ზურაბ აბაშიძე. შემდეგი შეხვედრის მთავარი თემა, აბაშიძის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იქნება.
ეკონომიკური ურთიერთობებით რუსეთთან პირისპირ დიალოგს არ ამართლებენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები. მათ მიაჩნიათ, რომ, რადგან კარასინი საგარეო საქმეთა სამინისტროს აღარ წარმოადგენს, მასთან დიალოგი მაღალი დონის შეხვედრებს აღარ განეკუთვნება და ეფექტიანობასაც კარგავს.
ოპოზიციაში დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ვინ იქნება მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი, რადგან მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ მთლიანად არასწორია.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ რუსეთის ბაზრიდან საქართველო დიდ სარგებელს იღებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატიც ამიტომაა საჭირო. რუსეთის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა კი, მათი მტკიცებით, საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც მისაღებია.
აბაშიძე-კარასინის ფორმატი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა. ბოლო შეხვედრა ივნისში გაიმართა, როცა კარასინმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.