ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ გუშინ ქალაქზე თავდასხმის შედეგად 53 მოქალაქე დაიღუპა.
„მტერი აგრძელებს სისტემატურ არტილერიულ და საჰაერო თავდასხმას რეგიონის ცენტრზე, ანადგურებს ინფრასტრუქტურას. ჩვენ უდიდესი დანაკარგები გვაქვს. მხოლოდ გუშინ ქალაქის მორგებმა 53 მოქალაქის გვამი მიიღო, იმ ადამიანების, ვინც რუსმა აგრესორებმა მოკლეს“, - განაცხადა ვიაჩესლავ ჩაუსმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მწვანე დერეფნების მოწყობას რათა მოსახლეობა ადგილიდან გაიყვანონ, თუმცა რუსული ძალები მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.
ჩაუსის თქმით, დღეს ამ საკითხზე მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება, რომელშიც შეიარაღებული ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ერთ-ერთ რაიონში რუსეთის ძალებმა ცეცხლი პურის რიგში მდგარ ხალხს გაუხსნეს.
პირველადი მონაცემებით დაღუპული 10 ადამიანი იყო.