სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა ქალთან სქესობრივი კავშირის დროს ფარულად ვიდეო გადაიღო, რასაც შემდეგ შანტაჟისთვის იყენებდა.
კერძოდ, საგამოძიებოს ცნობით, 2024 წლის იანვარში კაცი ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული ვიდეო მასალის გამოქვეყნებით ემუქრებოდა.
"გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა.
დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს"- ნათქვამია განცხადებაში.