logo
ENG



დააკავეს მოქალაქე, ვინც ვიზეარის რეისზე ასაფეთქებლის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა

17 თებ 202410:47
3 წუთის საკითხავი
clock 890
2024/02/17/cv08255ob1rdryp.jpeg

სუს-ის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინება განახორციელა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია ვიზეარის სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან დარეკა და კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ განაცხადა.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბარსელონა, დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ოპერატიულად განახორციელა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქტიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვადასხვა ცრუ შეტყობინების ფაქტზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა განხორციელებულია უცხო ქვეყნებიდან. გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიული და ფარული ოპერაციების შედეგად, იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

რაც შეეხება ცრუ შეტყობინებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

და ბოლოს, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს ფაქტებზე, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება იქნება ძალზე მკაცრი"- ნათქვამია განცხადებაში.

14 თებერვალს აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. 

მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

მგზავრების შემოწმება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.


close დახურვა