logo
ENG



დაანებონ თავი ამ ბრიყვულ განცხადებებს - ოპოზიცია თალაკვაძეს პასუხობს

07 თებ 202008:01
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიერ აშშ-ში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ თალაკვაძის განცხადებები საერთაშორისო მეგობრების კრიტიკას გაამწვავებს. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია გაკეთებულ განცხადებებს ბრიყვულს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს. 

"რადგან ასე დიდ გულზე არიან, რომ აი 60% გვაქვს, მაშინ რატომ გადააგდეს საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით?! რატომ შეიყვანეს ქვეყანა კრიზისში?! რატომ უწევთ ახლა სირბილი ვაშინგტონში?! კომუნიკაციას ვამყარებთო. ხელისუფლებაში ჰყოფნის მე-8 წელს ამყარებენ კომუნიკაციას სტრატეგიულ პარტნიორებთან?! დაანებონ თავი ამ ბრიყვულ განცხადებებს. ივანიშვილის მასხარები მოეგონ გონს. ჩვენ ოპოზიცია საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ და ნებისმიერი სცენარებისთვის ვართ მზად“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მის პოზიციას იზიარებს "შენების მოძრაობის" დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ხელლისუფლების წარმომადგენლები მსგავსი ტიპის განცხადებების კეთებას გააგრძელებენ, საქართველო კიდევ ბევრ კრიტიკულ წერილს მიიღებს. 

„მე ჩამოვედი აქ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და სხვები ჩამოდიან ქვეყნის ღალატისთვისო? ეს გვითხრა ხო?! ეს ყველაფერი გაუმეოროს ამერიკელ კონგრესმენების სენატორებს და კონგრესმენებს, აი მერე ნახონ წერილების წვიმა. რაც შეეხება ამერიკის როლს პოლიტიკურ ცვლილებებში, არჩილს ალბათ დასჭირდება ალბათ კიდევ ბევრი წელი პოლიტიკაში ჰყოფნის, რომ ეს ყველაფერი გაიაზროს“, - ამბობს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკაში ოფიციალური ვიზით იმყოფება. ის ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. ერთ-ერთ შეხვედრამდე მან განაცხადა, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას ვაშინგტონში ატარებს, რადგანაც საქართველოში საზოგადოებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს.  

 

 

 


close დახურვა